მოქალაქემ, რომელსაც დღეს, 15 დეკემბერს მერიამ აფრიკის დასახლებაში აშენებული სახლი დაუნგრია, ამბობს, რომ მშენებლობის გაგრძელების ნებართვა ქართული ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატმა, სოზარ სუბარმა მისცა.
"მოვიდნენ, გვითხრეს, გააკეთეთო, არჩევნები მოდისო. სოზარ სუბარმა შემოიარა, ააშენეთო. ავაშენეთ. სულ კაპიკ-კაპიკ და ასე დაგვტვოვეს პირღიები. რა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს, ქუჩაში მრჩება შვილები". - თქვა მან.
არჩევნებამდე, მაშინ ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი და უკვე დეპუტატი, სოზარ სუბარი "აფრიკის" დასახლების მცხოვრებლებს მშენებლობების დაკანონებაში დახმარებას დაჰპირდა.
"პრობლემაა სახლები და ნაკვეთები, რომლებიც აქ მცხოვრები ადამიანების ოჯახებს ეკუთვნოდათ, 60-იანი 70-იანი წლებიდან და რომლებიც ჯერ კიდევ არ არის დაკანონებული. ბუნებრივია, ასეთი საკითხები სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს. მე უბრალოდ ვპირდები ამ ადამიანებს, რომ ვიცხოვრებ მათთან ერთად, სანამ თითოეული ეს პრობლემა არ გადაწყდება". - ამბობდა სუბარი 2020 წლის 8 სექტემბერს.
დღეს სოზარ სუბარი უარყოფს, რომ ეს პირობა გასცა. მისი თქმით, მოქალქეებს "პირდებოდა, რომ დაეხმარებოდა, სადაც ეს შესაძლებელია".
15 დეკემბერს თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლებს საცხოვრებელი სახლები დაუნგრია. მათი ნაწილი ჯერაც მშენებლობის პროცესში იყო. მერიის მტკიცებით, მშენებლობები უკანონო იყო.